რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. სავარაუდოდ ხვალინდელ პროცესზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საქმეში არსებულ ერთადერთ მოწმეს დაკითხავენ.
სწორედ ამ მოწმესთან და ზოგადად მომზადებულ დასკვნასთან აქვთ კითხვები რუსთავი 2-ის იურისტებს. ისინი ამბობენ, რომ 2005 წლის დასკვნაში საუბარია, რომ მისი გამცემი პირი კომპანიაში 2006 წლამდე მუშაობდა. რუსთავი 2-ის იურისტების თქმით დოკუმენტი გაყალბებულია.
"როგორ შეიძლება დასკვნა, რომელიც 2005 წელს არის გაცემული შეიცავდეს ცნობას იმის შესახებ, რომ მისი გამცემი ამ კომპანიაში 2006 წლამდე მუშაობდა. ის პირი, რომელიც ამ დასკვნას აწერს ხელს გაუგებარია ვინ არის, რა ინფორმაციას ეყრდნობა. მოსამართლე ურთმელიძემაც კი ვერ გაბედა მისი დაკითხვა. რომ არა ის ცნობილი ყადაღა, რომელიც 30 სექტემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დაადო შ.პ.ს. საქართველოს წილებს, დღეს რუსთავი 2-ს მიღებული ექნებოდა 700 ათასი ამერიკულ დოლარი, ძმებ ყარამანიშვილებს წილის საფასურის სახით მიღებული ექნებოდათ 400 ათასი დოლარი. ამ ოდენობის თანხა დღეის მდგომარეობით შესაბამის პირებს მიადგათ ზარალის სახით და ის უნდა დაიდოს შესაბამის ანგარიშზე,"- განაცხადა რუსთავი 2-ის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.