ორი ტელევიზიის დახურვა ორ ქვეყანას ერთი და იმავე სახელით გააცნეს - როგორც დავა ორ სუბიექტს შორის. НТВ-ს შემთხვევაში მეორე სუბიექტი მსოფლიო გიგანტი გაზპრომი იყო, რომელმაც წამოიწყო სასამართლო გარჩევა ტელევიზიის მფლობელ გუსინსკისთან ძველი ვალის გამო. 2000 წელს გუსინსკი 3 დღით დააპატიმრეს და მხოლოდ НТВ-ს გაყიდვის საბუთზე ხელის მოწერის შემდეგ გაათავისუფლეს.
პუტინის მოსვლით რუსეთმა შეცვლა დაიწყო. გუსინსკი თავისას აგრძელებდა. მისი ტელევიზია და გაზეთები იძიებდნენ რუსეთში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების მიზეზებს, რაც ჩეჩნეთში ომის განახლების საბაბად იქცა. НТВ-სა და ТНТ-ს ჟურნალისტები ომსაც განსხვავებულად აშუქებდნენ, ცხვირს ჰყოფდნენ მაღალი რანგის ჩინოვნიკთა საეჭვო საქმეებში და ზედმეტი ყურადღება დაუთმეს კურსკის კატასტროფასა და პუტინის ხელისუფლების რეაქციას ამაზე. წყალქვეშა ნავის ჩაძირვა ენტევეს ჩაძირვის გადაწყვეტილებისთვის უკანასკნელ წვეთად იქცა.
2001 წელს НТВ-ს საქმის მოსამართლე ვინმე ნიკოლაევი გახდა. რომელიც ურთიერთგამომრიცხავ გადაწყვეტილებებს 12 საათის ინტერვალით იღებდა.
კისილიოვს რომ ბოლო ტოქ-შოუ მიჰყავდა, გარეთ უკვე იდგა მილიცია. ისევე, როგორც რუსთავი 2-ის შესასვლელში გაჩნდა გუშინ საპატრულო პოლიცია, დღეს კი სათვალთვალო კამერები. НТВ-სთვის შემდეგ ნაბიჯად სრული ოკუპაცია იქცა. სანამ სასამართლო რამეს გადაწყვეტდა, გაზპრომის შეიარაღებულმა რაზმმა დაიპყრო ტელევიზია და გაათავისუფლა დერეფნები და ოთახები იმ თანამშრომლებისგან, ვისაც რამდენიმე დღის განმავლობაში იქაურობა ბლოკირებული ჰქონდა. დილით НТВ-ში მხოლოდ გაზპრომის გამოგზავნილი მენეჯერები და წინასწარ გადაბირებული ჟურნალისტები შეუშვეს.
ავტორი:თენგო გოგოტიშვილი