უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გაზეთ პრაიმთაიმთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლებას ყელში ამოუვიდა არასწორი ინტერპრეტაცია და არხის რეალური მეპატრონე, ქიბარ ხალვაში „მონახეს“. მან ინტერვიუში რუსთავი 2-ზე წარსულ დროში ისაუბრა და თქვა, რომ არხი იყო არაობიექტური და ცალმხრივი.
„ეს არ იყო ობიექტური არხი, ის იყო ძალიან ცალმხრივი. 3 წელია ხელისუფლებაში ვართ, რამდენი სიკეთე გაკეთდა ამ პერიოდში და ერთხელ სიტყვა არ დაუძრავთ, მხოლოდ ნეგატივი და არაობიექტურობა. ბუნებრივია, დღევანდელ ხელისუფლებას ამოუვიდა ყელში ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია, მონახეს, გამოჩნდა რეალური მეპატრონე და ბუნებრივია, ითხოვენ სამართლიან სასამართლოს“, - განაცხადა თოფაძემ.
მან რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები ტელეიმედს შეადარა და განაცხადა, რომ ახლა ყველაფერი ცივილიზებულად ხდება.
„განცხადებები, რომ გავწვებით და აქ არავის შემოვუშვებთ არასერიოზულია. გაიხსენოს რუსთავი 2-ის დირექტორმა იმედს რა უყვეს. თუ დაავიწყდა, ფილმს ვანახვებთ, რა შეფასებებსაც აკეთებდა. დაარბიეს ტელევიზია და ყევლაფერი იკადრეს. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი ცივილიზებულად ხდება. სასამართლომ შეიძლება სულაც არ გადაწყვიტოს ეს საქმე ქიბარის სასარგებლოდ“, - აღნიშნა დეპუტატმა.