რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამიამ არხის ტერიტორიაზე შეკრებილ მხარდამჭერებს გულშემატკივრობისა და რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.
ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის კოლექტივის სახელით ხელისუფლებას, კერძოდ კი შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხეოების სამსახურს მიმართა.
"სამწუხაროდ, აქამდე ჩვენთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის რუსთავი 2-ის ირგვლივ დამონტაჟებული ამდენი სათვალთავლო კამერა, გარდა ზოგადი განცხადებისა, რომ ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროებაა.
ეს არის მედიადაწესებულება, აქ შემომსვლელ-გამსვლელთა დაცვის ინტერესი არის ძალიან მაღალი, რადგან აქ შესაძლებელია მიმდინარეობდეს იმგვარი შეხვედრები, რომელიც კონფიდენციალობას საჭიროებს, რაც არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აქ სათვალთვალო ვიდეკამერების დამონტაჟება.
თუმცა, დანამდვილებით ნიშნავს, რომ თუ ასეთი რამ ხდება, ეს უნდა იყოს კრიტიკული ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აღემატება მედიის თავისუფალი მუშაობის ინტერესს. ჩვენ დღეს თავისუფლად ვერ ვმუშაობთ. ჩვენთვის არ არის დაუძლეველი შეფერხება, თუმცა, თუ ჩვენ ვერ ვიღებთ ვერანაირ ახსნა-განმარტებას, შექმნილ ფონზე განსაკუთრებით, ჩნდება იმის ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი გადაადგილების საკონტროლებლად, ჩვენთან შემოსული და გასული ადამიანების აღსარიცხად და შესაძლებელია, მათზე ზეწოლის და ზეგავლენის მოსახდენად," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
არხის გენერალური დირექტორი მოუწოდებს ორივე სამსახურს, თუნდაც არა საჯარო ვითარებაში, მოხდეს ამ ახსნა-განმარტებების გაკეთება კომპანიისთვის. მისი განმარტებით, თუ ადგილზე მისვლის პრობლემაა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დათქმულ დროსა და ადგილას გამოვცხადდეთ და მოვისმინოთ ის ახსნა განმარტებები, რომელიც დაასაბუთებდა ლეგიტიმურობას აქ განხორციელებული ქმედებების შესახებ.
"წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღნიშნულ ქმედებებს ვიხილავთ, როგორც უფლებამოსილების გადაჭარბებას და არალეგიტიმურ საქციელს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, რომელიც მიმართულია ჩვენი მედიის წინააღმდეგ", - აცხადებს ნიკა გვარამია. ის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს შეხვედრისკენ.
„ასევე, მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც ჯერჯერობით არ დაინტერესებულა რა ხდება,“ - აცხადებს ნიკა გვარამია. მისი თქმით, ეს მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა ჩაერიოს ასეთ სიტუაციებში და აუცილებლად მოისმინოს ახსნა-განმარტებები მხარეებისგან, მითუმეტეს, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პროცესები წარმართულია ხელისუფლების მხრიდან.
"ამ ვითარებაში მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გაცილებით უფრო მაღალია. ასევე ძალიან უცნაურია ადამიანის უფლებათა კომიტეტის სრული იგნორირება და უყურადღებობა. ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაც არის," - განმარტა არხის გენერალურმა დირექტორმა.