საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასთან და მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მისია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვამ ან ხელის შეშლამ შეიძლება გამოიწვიოს დემოკრატიული პროცესის შესუსტება, 2016 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ჩათვლით.
"ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში არსებულ მედია გარემოს. ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდა, თუმცა სიტუაციის შესწავლაც უფრო ინტენსიური გახდა. ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია დღემდე მიღწეული რეფორმების გაგრძელება და დემოკრატიული ინსტიტუტების სრულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. პლურალისტული მედია და პოლიტიკური გარემო საქართველოს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.
ჩვენ თავს ვიკავებთ კონკრეტული სასამართლო საქმის კომენტირებისგან, თუმცა გვაწუხებს საკითხები, რომლებიც რეაგირებას საჭიროებენ. მოველით, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების პრინციპები საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, პრაქტიკაშიც იქნება გამოყენებული. მნიშვნელოვანი მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვამ ან ხელის შეშლამ შეიძლება გამოიწვიოს დემოკრატიული პროცესის შესუსტება, 2016 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ჩათვლით.
ევროკავშირი იზიარებს და მხარს უჭერს მთავრობის მიერ გაცხადებულ მიზანს, გააგრძელოს რეფორმები და უზრუნველყოს თავისუფალი და წესრიგზე დაფუძნებული არჩევნები. გვჯერა, რომ მთელი მომავალი წლის განმავლობაში ეს საკითხი მთავრობის მიერ უმაღლეს პრიორიტეტად იქნება აღიარებული. ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალის წვდომა მედიასაშუალებებზე დემოკრატიული არჩევნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
ყველა სახელმწიფო ინსტიტუტსა და პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდებთ დაძაბულობის ზრდისა და პოლარიზაციის ხელშემწყობი ნაბიჯებისა თუ განცხადებებისგან თავი შეიკავონ," – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით მომზადდა.