"ქიბარ ხალვაშს არც კი უცდია მტკიცებულებების მოპოვება ეს ადასტურებს, რომ რასაც ის ყვება არ შეესაბამება სინამდვილეს,"- ეს განცხადება რუსთავი 2-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თოქ-შოუ არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ დავა, რომელსაც როგორც ხალვაშის ადვოკატები ამბობდნენ 2006 წლიდან ამზადებენ, სრულიად აბსურდულია. სარჩელში არ არის მტკიცებულებები.
კერძოდ საძაგლიშვილი თქმით ხალვაში ყვება, რომ მას დაურეკეს და დაიბარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც შეხვდა სააკაშვილს, ადეიშვილს, მერაბიშვილს და სხვა პირებს, თუმცა როგორც რუსთავი 2-ის იურისტი ამბობს, ხალვაში ვერ იხსენებს რა გარემოებაში და სიტუაციაში გაიმართა შეხვედრა, რაზე ისაუბრეს და რამდენ ხანს გრძელდებოდა შეხვედრა.
სამაუწყებლო კომპანიის იურისტი ამბობს, რომ კონკრეტიკა ხალვაშის ჩვენებაში საერთოდ არ არის.
"ხალვაშს შეეძლო წარმოედგინა მოწმედ პირი, თუ ის იმყოფებოდა მასთან ერთად, როდესაც ადმინისტრაციიდან დაურეკეს. დიდი ალბათობით ის შეხვედრაზე მძღოლმა მიიყვანა ადმინისტრაციაში შეეძლოა წარმოედგინა ეს ადამიანიც მოწმედ, რომელიც ამას იტყოდა. ასევე ხავლაშს შეეძლო ამოეღო ფიჭური კომპანიიდან ამონაწერი და ასევე ამ გზით მას შეეძლო დაედასტურებინა ამით მისი ადგილსამყოფელი. ეს ახლა შეუძლებელია მაგრამ, როგორც ხალვაში და მისი იურისტები ამბობენ, 2006 წლიდან ამზადებდნენ სარჩელს და მათ მაშინ შეეძლოთ ეს მტკიცებულებები მოეპოვებინათ და დღეს წარმოედგინათ. მაგრამ მას არა თუ არ მოუპოვებია, არც კი უცდია ამის მოპოვება. ეს კი ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშის მონაყოლი არ შეესაბამება სინამდვილეს. სასამართლო კი მხოლოდ მონაყოლს ვერ გაითვალისწინებს. სასამართლო ვალდებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება,"- განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.