რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, ამ კონტექსტში მედიის დამოუკიდებლობისა და სასამართლოს თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამართული ყველა შეხვედრის დროს - ამის შესახებ განცხადება ჯეიმს აპატურაიმ პირველი დღის დასრულების შემდეგ კურიერისთვის მიცემულ შემაჯამებელ ინტერვიუში განაცხადა.
დღის ბოლოს ის ქვეყნის პრეზინდეტსა და პრემიერს შეხვდა. აპატურაის შეფასებით, რეფორმები, რომელიც საქართველომ განახორციელა, ალიანსის მხრიდან დადებითად შეფასდა, რაც ვარშავის სამიტზეც აისახება.
"ვისაუბრეთ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებზე. აქ მე მომიხდა ხაზი გამესვა ნატოსთვის მედიის თავისუფლების პრონციპისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. ვისაც ვესაუბრე, ყველამ გაიზიარა ეს დამოკიდებულება. იმედი მაქვს და ველი რომ ეს პრინციპები დაცული იქნება საქართველოს სასარგებლოდ, ნატოსთან და ევროკავშრთან დაახლოებისთვის. სასამართლო პროცესზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან გარეშე პირი ვარ. ჩვენ გვჯერა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის და იმის, რომ პოლიტიკურმა კლასმა სამართლებრივ საკითხებზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს. ძალიან ბევრი პოლიტიკოსისგან მოვისმინე რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. ვფიქრობ ეს კარგია, რადგან გამორიცხავს არასწორ აღქმებს ქვეყნის გარეთ," - განმარტა ჯეიმს აპატურაიმ.