20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
„დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის”, - Washington Post-ი მთავრობის მიერ რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მცდელობაზე წერს

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება გავლენიანი Washington Post-ი. გაზეთმა სარედაქციო წერილი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: "მთავრობის მიერ პოპულარული ტელევიზიის ხელში ჩაგდება ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება".

გთავაზობთ სტატიას სრულად:

"2012 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელსაც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოჰყვა, რასაც იშვიათად ვხვდებით პოსტ-საბჭოთა ევრაზიაში, საქართველო გადასცდა დემოკრატიული ნორმების ზღვარს. ახალმა მთავრობამ, რომელსაც სათავეში პოპულისტი მილიარდერი უდგას, სცადა დაესაჯა არჩევნებში დამარცხებული ძალა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შეეზღუდა კრიტიკა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში, თუმცა ამ მცდელობებს ხშირად უშლიდა ხელს დასავლეთის, მათ შორის, ევროკავშირის ზეწოლა, რომელთანაც საქართველომ გასულ წელს ასოციაციის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ახლა, როდესაც რეიტინგი ეცემა, ახალი არჩევნები კი წელს არის დაგეგმილი, მმართველი პარტია ქართული ოცნება და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმისთვის ემზადებიან. ბიზნესმენმა მის პარტიასთან ერთად გადაწყვიტა ხელში ჩაიგდოს ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელევიზია, რომელიც ხშირად აშუქებს ოპოზიციურ შეხედულებებს და წარმატებასაც მიაღწია სასამართლოში - გაყინა ტელეკომპანიის აქტივები. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ვის მფლობელობაში იქნება ტელევიზია, ამ კვირაში მიიღებენ.

ხელისუფლება ამბობს, რომ მას კავშირი არ აქვს სასამართლო დავასთან, რასაც არ ეთანხმება პოლიტიკურ აქტივისტთა უმრავლესობა და საერთაშორისო დამკვირვებლები. ისინი მიუთითებენ ხელისუფლების მიერ სასამართლოზე მომხდარი ზეგავლენის შემთხვევებზე. მათი სკეპტიციზმი გაამყარა ბიძინა ივანიშვილის მიერ გასულ კვირას მიცემულმა ინტერვიუმ, სადაც მან ტელევიზიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "პროპაგანდისტული მანქანა" უწოდა. პრემიერი ღარიბაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია „კრიმინალური ორგანიზაციაა"", რომელსაც „უფლება არ აქვს, დარჩეს პოლიტიკაში."

აგრესიის ასეთი ამოხეთქვა გასაგები ჩანს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სოციალური კვლევების ფონზე, სადაც ქართული პოლიტიკის მიმართ განწყობაა ასახული. კვლევა აჩვენებს, რომ მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერა 60 პროცენტიანი მაჩვენებლიდან, რომელიც 2012 წელს იყო დაფიქსირებული, აგვისტოში 14 პროცენტამდე დაეცა და არჩევნები შეიძლება ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისთვის ერთნაირი შედეგით დამთავრდეს. გამოკითხვამ უჩვენა, რომ ქართველებს იმედი გაუცრუა ყველა პოლიტიკურმა ძალამ და შესაძლოა, უმრავლესობამ არჩევნებში მონაწილეობა არც მიიღოს. თუმცა საქართველო ინარჩუნებს კონკურენტუნარიან, მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას , რაც უჩვეულოა რეგიონისთვის, სადაც კორუფციული ავტოკრატია ნორმაა.

რუსთავი 2-ის დირექტორები ამბობენ, რომ თუკი სამაუწყებლო კომპანია ხელისუფლების მოკავშირეს - ქიბარ ხალვაშს გადაეცემა, ქვეყანაში პლურალიზმი სასიკვდილოდ იქნება განწირული. ბატონი ხალვაში, რომელმაც ტელევიზია წლების წინ გაყიდა, ცდილობს სასამართლოს გარიგება შეაცვლევინოს. სამოქალაქო საზოგადოება და მედიაორგანიზაციები გაერთიანდნენ ამ ქმედების წინააღმდეგ და აცხადებენ, რომ "ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველა კრიტიკულ და საწინააღმდეგო აზრს მედიაში“.

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა , გიორგი მარგველაშვილმა , რომელიც გაემიჯნა ბიძინა ივანიშვილს, განაცხადა, რომ დავა "საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს“.

დღის ამბები