ქიბარ ხალვაშისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში ერთ საათს გაგრძელდა.
ქიბარ ხალვაშის თქმით, მან თხოვნით მიმართა პრეზიდნეტს, რათა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლო პროცესებზე მონიტორინგი დააწესოს, რადგან სასამართლოზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ზეწოლა ხდება.
ხალვაშის გაბმარტებით, მან საქართველოს პრეზიდენტს რუსთავი 2-თან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები გააცნო. პრეზიდნეტმა უპასუხა, რომ ის იურისტი არ არის და მსგავს დეტალებს ვერ ჩაეძიება.
კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ქიბარ ხლავაშის მიერ 2006 წელს ქონების დათმობა ამორალური იყო, ხალვაში აცხადებს რომ ყველა დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილია და საუბარი იმის შესახებ, რომ მან იგივე ფასად გაყიდა ტელევიზია, რა ფასადაცა რუსთავი 2-ის დამფუძნებლებისგან შეიძინა, არასწორია.
ქიბარ ხალვაში თავის სარჩელში მიუთითებს, რომ მას წილები იძულებით დაათმობინეს. კურიერის კითხვაზე, თუ რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე და რით შეიძლებოდა დაედასტურებინა ეს ზეწოლა, ხალვაშმა განაცხადა, რომ ის მაშინდელ პრეზიდენტთან იყო დაბარებული და შემდეგ მოხდა წილების გადაფორმება.
"2006 წლის 16 ნოემბერს, ღამის 11-ის ნახევარზე შევედი პრეზიდენტთან სალაპარაკოდ და პრეზიდენტმა დამიყენა პრეტენზია, მოთხოვნა, ულტიმატუმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია იმისთვის, რომ ჩემ ოჯახს და მე უფრო კარგად მეცხოვრა და არ მქონოდა პრობლემები. მეორე დღეს 2016 წლის 17 ნოემბერს მოვიდა დიმა ქიტოშვილი თავის მეგობრებთან ერთად და გადაიფორმეს რუსთავი 2", - აღნიშნა ხალვაშმა.
პრეზიდენტთან შეხვედრას ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, ასევე პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე ესწრებოდნენ.