15 დეკემბერი 2024,   14:56
ვრცლად
"ყაველაშვილის ე.წ. პრეზიდენტობა საერთოდ არ ცვლის იმას, რომ ქვეყანაში არის, მათ შორის, ლეგიტიმაციის კრიზისი" - თეონა აქუბარდია

"შენობიდან გავა თუ არა პრეზიდენტი, ეს არ ცვლის იმას, რომ მისი ლეგიტიმაცია დაიკლებს - შენობაზე არ არის მიბმული მისი ლეგიტიმაცია," - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიუხედავად ახალი პრეზიდენტის არჩევისა, ორბელიანების სასახლის დატოვებას არ აპირებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში "ლეგიტიმაციის კრიზისი" არსებობს.

"აქედან გამომდინარე, ყაველაშვილის ე.წ. პრეზიდენტობა საერთოდ არ ცვლის იმას, რომ ქვეყანაში არის, მათ შორის, ლეგიტიმაციის კრიზისი", - აცხადებს თეონა აქუბარდია.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. კენჭისყრაში მონაწილე 225 წევრიდან, 224-მა ხმა მიხეილ ყაველაშვილს მისცა.

პრეზიდენტის არჩევნების პროცესში, ბარიერ-გადალახულმა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო და მათმა ნაწილმა, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესი პარლამენტთან გააპროტესტა. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი კონსტიტუციაზე ფიცს 29 დეკემბერს დადებს.

დღის ამბები