20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
შემაჯამებელ სხდომამდე ერთი დღით ადრე ხალვაში საქართველოში ჩამოვიდა

ქიბარ ხალვაშმა დღეს თავად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დავაში მას არანაირი მტკიცებულებები არ აქვს. კომპანიის ყოფილი მფლობელი ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ მხოლოდ საკუთარ მოგონებებზე საუბრობდა.

ჟურნალისტებთან შეხვედრამდე კი ქიბარ ხალვაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. საუბრის ყველა დეტალი ცნობილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხალვაშმა პრეზიდენტს სასამართლო სხდომის მონიტორინგი სთხოვა, რაზეც მას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა.

ჟურნალისტებთან ქიბარ ხალვაშმა არაერთხელ ახსენა ის 7 მილიონი, რომელიც მისი თქმით, რუსთავი 2-ის მაშინდელ მფლობელებს გადაუხადა, თუმცა კითხვას არსებობს თუ არა ამ ინფორმაციის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი პასუხი ხალვაშმა არ გასცა.

ხალვაშს მიაჩნია, რომ მისი იურისტების წარდგენილი მტკიცებულებები სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისია. ხალვაშის თქმით ეს მტკიცებულებები ამტკიცებს იმ ზეწოლას რომელიც, მისი თქმით, ტელეკომპანიის წილების დასათმობად ყოფილი ხელისუფლების მაღაჩინოსნებმა მასზე განახორციელეს.

ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები რუსთავი 2-სა და მისი მფლობელების იურისტისთვის არასერიოზულია. ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები პოლიტიზირებულია და ხალვაში მასში ნომინალური ფიგურაა. მისივე ინფორმაციით ქიბარ ხალვაშს სასამართლოში დავის მოგება მტკიცებულებების გარეშე სურს.

ქიბარ ხალვაშს ჟურნალისტების სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მისივე დაცვის წევრებმა არ მისცეს, რის ცამოც ბევრი კითხვა ისევ უპასუხოდ დარჩა. მათ შორის ისიც, მივა თუ არა ის ხვალინდელ სხდომაზე, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეზე შესაძლოა ბოლო იყო და მოსამართლემ მის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე. 

 

 

 

 

 

დღის ამბები