ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატი გიორგი ვაშაძე გოგი თოფაძის მიერ რუსთავი 2-ზე გაკეთებულ გამონათქვამს აფასებს და ამბობს, რომ ფრაზა- „რუსთავი 2 ხვალიდან აღარ იქნება“ ქართული ოცნების ოცნებაა. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„გოგი თოფაძის დღევანდელი განცხადება არის ქართული ოცნების ოცნება. ისინი იმას კი არ ფიქრობენ, რომ დაპირებები შეასრულონ, ისინი ერთადერთ რამეზე ოცნებობენ, რომ როგორმე ჩაახშონ რუსთავი 2 და არ იყოს თავისუფალი სიტყვის გამოთქმის შესაძლებლობა იმიტომ, რომ მათ ყელში აქვთ ამოსული იმის მოსმენა, რაც ხალხს აწუხებს,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატის განმარტებით რუსთავი 2-ის გაჩუმებით ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
„შეიძლება ღარიბაშვილი იყოს პრემიერი და ეს მინისტრები იყვნენ მინისტრები? შეიძლება ენერგეტიკის მინისტრი ჩუმად ხვდებოდეს გაზპრომს? შეიძლება, რომ ბიძინა ივანიშვილი დღესაც ჭკუას გვარიგებს და რაღაც ცინიკურად ელაპარაკებოდეს საზოგადოებას?“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.