ქართული ოცნების წევრი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი რუსთავი 2-ის მეწილეებს შორის არსებულ დავაზე გადაცემა არჩევანში საუბრობს და განმარტავს იმ პროცედურას, რითაც ქიბარ ხალვაში მესაკუთრეობის დაბრუნებას ცდილობს.
„თუ დადასტურდა სამოქალაქო გარიგების იძულებითი ფაქტი რა თქმა უნდა უკვე გამოვლინდება პირი, რომელმაც ეს იძულება წარმოშვა და თუ გამოვლინდა პირი, რომელმაც ეს იძულება წარმოშვა უკვე გარიგება ბათილად ცხადდება და ისმის შეკითხვა ვინ უნდა აუნაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა ერთის მხრივ გამყიდველს და მეორეს მხრივ კეთილსინდისიერ შემძენს? ვინც ეს იძულება ჩაიდინა ის იქნება პასუხისმგებელი როგორც ხალვაშთან, ისე კეთილსინდისიერ შემძენთან,“ - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.
ზაქარია ქუცნაშვილი გადაცემა არჩევანში აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას რუსთავი 2-ის და მის ეთერში გასული სიუჟეტების „არ ეშინია.“
„ქართული ოცნება ეხმარება ვითომ ქიბარ ხალვაშს იმიტომ, რომ ეშინია რუსთავი 2-ის? ბოდიშს ვიხდი ბატონებო, 2012 წელს ყველა მედიასაშუალება თქვენი იყო და მაინც მოგიგეთ არჩევნები. ახლაც მოგიგებთ არჩევნებს, არავის არ სჭირდება თქვენი რუსთავი 2,“ - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.