სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უმრავლესობის დეპუტატმა განცხადება დღეს პარლამენტში პირადად გაახმოვანა.
მან აღნიშნა, რომ ადამიანთა მცირე, მაგრამ ხმაურიანი ჯგუფი ცდილობს პროცესი წარმოადგინოს, როგორც თავისუფალი სიტყვის ხელყოფა. თუმცა, მისი თქმით, ადამიანების უმრავლესობა სულაც არ მიიჩნევს რუსთავი 2-ს თავისუფალი სიტყვის სიმბოლოდ.
"დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესმა რუსთავი 2-ის მფლობელებს შორის პოლიტიკის დღის წესრიგში წამყვანი ადგილი დაიკავა. ჩვენ გვწამს, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია სასამართლოზე ზეწოლა ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისა და პოლიტიკოსის მხრიდან. აქვე გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სიმპათიით არც მოსარჩელე და არც მოპასუხე მფლობელი არ სარგებლობს.
ბოლო ათწლეულის რუსთავი 2 ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის თვალში ჩამოყალიბდა სიცრუის, მანიპულაციისა და სიყალბის სიმბოლოდ. თავისუფლება არ ნიშნავს განუკითხაობას. რა თქმა უნდა, ყველა მედიასაშუალებას აქვს უფლება დამოუკიდებლად წარმართოს სარედაქციო პოლიტიკა. მაგრამ, ნიშნავს თუ არა ეს მიზანმიმართული სიცრუის თავისუფლებას? ვინ უნდა იზრუნოს თითოეული მოქალაქის უფლებაზე მიიღოს ობიექტური ინფორმაცია? ნებისმიერი თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
დეპუტატის თქმით, ყველა, ვინც ნაცვლად საღი მსჯელობისა და დისკუსიისა ამკვიდრებს ისტერიას, მოქმედებს პროვოკაციულად, განზრახ ამწვავებს სიტუაციას, წყალს ასხამს ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე.
"სამოქალაქო დაპირისპირებაზე დღეს ლაპარაკობს მხოლოდ ის, ვისაც ამ დაპირისპირების შექმნა უნდა, ან ადექვატურად ვერ აღიქვამს რეალობას. ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ქაოსისა და განუკითხაობის დამკვიდრებით ხელისუფლების დისკრედიტაციას და საკუთარი პოლიტიკური არსებობის გახანგრძლივებას მიაღწევენ. ყველა პოლიტიკური ჯგუფი და პოლიტიკოსი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ამ თამაშში ერთობა, ქვეცნობიერად ან გაცნობიერებულად მიესწრაფვის სწორედ ისეთი ვითარების შექმნას, სადაც მისი როლი და ფუნქცია რაიმე სერიოზულ მნიშვნელობას შეიძენს. ერთად იკრიბებიან ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ ქაოსის დროს შეიძლება მოუძებნონ გამართლება საკუთარ საზოგადოებრივ აქტივობას. ამ ვითარებაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს შევინარჩუნოთ სიმშვიდე და საღი აზრი, მკაფიოდ და ცალსახად გავემიჯნოთ ყველანაირ ისტერიას და ირაციონალურ პოლიტიკას, მივანდოთ სამართლებრივი დავები სასამართლოს და მოვახდინოთ კონცენტრირება იმაზე, რის გამოც ჩვენ აგვირჩია ხალხმა - ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკის წარმართვაზე," - ნათქვამია ჟორჟოლიანის წერილში.