რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავენ.
ავტორთა შეფასებით, ქვეყნის წამყვანი ტელეარხის შესაძლო ხელში ჩაგდება და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ქვეყანაში პოლიტიკური ველის დონეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს. წერილს ხელს 4 უმსხვილესი ფრაქციის წევრები აწერენ.
"ჩვენ, ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც ხაზს ვუსვამთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის მნიშვნელობას, და მივესალმებით ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეულ გარკვეულ პროგრესს, გვინდა გამოვხატოთ სერიოზული შეშფოთება საქართველოში ახლახან განვითარებული მოვლენების მიმართ, რაც ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
"უკიდურესად გვაღელვებს საქართველოს წამყვანი და ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი ტელეარხის - რუსთავი 2-ის შესაძლო ხელში ჩაგდება და შესაბამისად მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ჩვენი მოსაზრებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკური ველის დონეს და საფრთხეს უქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას.
"საგანგაშოა ჩვენთვის, რომ გრძელდება ყოფილი მმართველი პარტიის წევრთა და ლიდერთა სამართლებრივი დევნა – ყოფილი პრემიერის, პრეზიდენტის, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრების, თბილისის ყოფილი მერისა და ადგილობრივ ლიდერთა ჩათვლით. გამოვთქვამთ შეშფოთებას, წინასასამართლო დაკავების ხშირად ბოროტად გამოყენების უამრავი ფაქტის, საგამოძიებო მოქმედებებში პოლიტიკური ჩარევის, მოსამართლეთა პოლიტიკური ნიშნით წინასწარ შერჩევის და უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატურად დარღვევის გამო.
"ამასთან, შოკირებული ვართ იმ ინფორმაციითაც, რომ ახლახან ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა ოპოზიციის რეგიონალურ ოფისებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც მოჰყვა საქართველოს პრემიერმინისტრის მიუღებელი განცხადებები. ნაცვლად ამისა, მოვუწოდებთ მთავრობას დაუყოვნებლივ იპოვოს ამ ვანდალიზმში დამნაშავე პირები და პასუხისგებაში მისცეს.
და ბოლოს, დასანანია მმართველი კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული განცხადებების მოსმენა, რომლითაც ცდილობენ იოსებ სტალინის რეაბილიტაციას, ისევე როგორც ქვეყნის სხვადასხვა ადგილას მისი ქანდაკებების ხელახლა დადგმას. ჩვენ ვგმობთ ამას და ვთხოვთ ხელისუფლებაში მყოფ მოქმედ კოალიციას გამოიჩინოს სათანადო პატივისცემა სტალინიზმის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის მიმართ, მათ შორის საქართველოშიც.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქმედ ლიდერებს და მმართველ კოალიციას შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას და სერიოზულ საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზასაც.
მოვუწოდებთ ევროკომისიას და საგარეო საქმეთა სამსახურს ყურადღებით მიადევნოს თვალი ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად," - ნათქვამია წერილში.