ნატოს კვირეულის ფარგლებში ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრაზე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და აქცენტი დემოკრატიულ ღირებულებებზე გააკეთა. პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელსაც დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები დაესწრნენ.
დისკუსიის მონაწილეები აკეთებდნენ აქცენტს იმაზე, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები არ არის მხოლოდ ერთი ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ამ პროცესებს დიდი ინტერესით აკვირდებიან ევროატლანტიკური სტრუქტურები. მათი მკაცრი მონიტორინგის ქვეშ არის რუსთავი 2-ის საქმე, რაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული საერთაშორისო ასპარეზზე შეფასებისას.
„ჩვენი დემოკრატია კონსოლიდირებული რომ გახდეს, საქართველო რომ ევროპის ნაწილად გადაიქცეს უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება, რადგან, ის არის სარკე, რომელიც მთავრობას აჩვენებს თავის მინუსებს და პლუსები ექნება - პლუსებსაც. მაგრამ, ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც დემოკრატიული დებატი მიმდინარეობს. ამის გარეშე გამორიცხულია დემოკრატია. არ არსებობს ნახევრად თავისუფალი, ნახევრად დემოკრატიული სახელმწიფო, როგორც ნახევრად ფეხმძიმე არ არსებობს, ასეა დაახლოებით," - განმარტა საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიას დამფუძნებელმა ნიკა რურუამ.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრის დავით სიხარულიძის შეფასებით,
ნატოც და ევროკავშირიც დემოკრატიული ქვეყნების ერთობაა. მედიის თავისუფლება ამის განუყოფელი და ფუნდამენტური ნაწილია. შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიულობის შეფასებისას მედიის თავისუფლების კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანია.
"პროცესის გადაწევა მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება როგორც ჩანს, მაინც დაბნეულია. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან რამხელა რისკთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. აქ არის არა მარტო სერიოზული ზეწოლა დასავლეთის მხრიდან, რომელიც შეიძლება ითქვას, უნივერსალურია, არამედ არის ის პრობლემაც, რომ მათ მოუწევთ დაპირისპირება იმ ხალხთან, რომლებიც იცავენ არა უბრალოდ რუსთავი 2-ს, არამედ ფასეულობებს - სიტყვის თავისუფლებას," -აღნიშნა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელმა თორნიკე შარაშენიძემ.