არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილმა, რომლებიც პრეზიდენტს შეხვდნენ, გააკრიტიკა პრეზიდენტის ის განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა რუსთავი 2-ს.
ისინი არ ეთანხმებიან გიორგი მარგველაშვილის შეფასებებს და განმარტავენ, რომ პრეზიდენტის განცხადებები რუსთავი 2-თან დაკავშირებით შესაძლოა ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად.
მესამე სექტორის ამ ნაწილის აზრით, ეს იყო პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოზე ირიბი ზეწოლა.
„ჩვენი მხრიდან კრიტიკა ეხებოდა არამარტო პრეზიდენტის იმ გამონათქვამს, როდესაც მან თავისი შეხედულებით, პირდაპირ მიუთითა მართლმსაჯულებას, კონკრეტულ მოსამართლეს, რომ მას არ უნდა მიეღო ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ირიბი ზეწოლა მართლმსაჯულებაზე,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის ინსტიტუტის თავმჯდომარემ ირაკლი კაკაბაძის შეფასებით, სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანების შელახული ღირსება აღდგეს.
„მე ვფიქრობ, რომ მთლიანად საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს, ვინაიდან, კერძო ტელეკომპანიები ეკუთვნით გარკვეულ ოლიგარქებს,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის ინსტიტუტის თავმჯდომარემ ირაკლი კაკაბაძემ.
შეხვედრაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავად მოითხოვეს ქვეყნის პირველ პირთან მოლაპარაკებები.