მოსამართლემ რუსთავი 2-ის იურისტების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომა ხვალ 11:00 საათისთვის გადადო. საქმეზე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საპაექრო სიტყვას რუსთავი 2-ის იურისტები ხვალ წარმოთქვამენ. მაშინ, როდესაც სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლები სხდომის გადადებას ორშაბათისთვის ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის იურისტებმა დღეს მოსამართლეს მიმართეს შუამდგომლობით, რომ მიეცა მათთვის დრო სრულყოფილად შეესწავლათ გუშინ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ერთადერთი მოწმის ჩვენება. ასევე რუსთავი 2-ის იურისტები მოწმის 3 საათიანი ჩვენების სრულ ჩანაწერს ითხოვდნენ.
სხდომის გადადების წინააღმდეგები იყვნენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები. მათ დღეს არც ის არ გამორიცხეს, რომ თუ მოსამართლე მათ სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას დაუყონებლივი აღსრულება მოეხდინათ.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.