რუსთავი 2-ის ჟურნალისტები არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისში მიიმდინარებს.
მესამე სექტორის წარმომადგენლებმა თავად გამოთქვეს სურვილი შეხვედროდნენ ჟურნალისტებს. ისინი დაინტერესდნენ, რას ფიქრობენ ჟურნალისტები ბოლო დროს ტელეკომპანიის ირგვლივ და ასევე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.
არასამთავრობოებს კვლავ რჩებათ კითხვები, რომელიც არსებობდა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათივე თქმით, ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ ეს კითხვები არ მოხსნა.
რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურმა გუშინვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რა პოზიცია აქვს რუსთავი 2-ს.
"ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ჟურნალისტებს, რუსთავი 2-ის გუნდს სურს ნორმალურ ვითარებაში თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება. არასამთავრობო სექტორთან ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები, მას შემდეგ რაც რუსთავი 2-ის გარშემო დაიწყო ეს პროცესები. ისინი მუდმივად საქმის კურში არიან და დღევანდელი შეხვედრის მიზანიც ის არის, რომ ზუსტად გავაცნოთ ჩვენი პოზიცია, თუ რა პოზიციაზე დგას დღეს რუსთავი 2 და როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას," - განმარტა ზაალ უდუმაშვილმა.