პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ ყოფილ სპიკერს განცხადების გამო უსაყვედურა. დავით უსუფაშვილისთვის მიუღებელია უმცირესობის ლიდერის პოზიციის ის ნაწილი, სადაც რუსთავი 2-ის წინაღმდეგ ბრძოლის ინიციატორად ხელისუფლებას ასახელებს. დავით უსუფაშვილმა ოპონენტები რუსთავი 2-ის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფალების შეზღუდვა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაშიც ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს მმართველი გუნდი დაადანაშაულა. უმცირესობის სახელით განცხადება დავით ბაქრაძემ გააკეთა და ქვეყანაში შექმნილი კრიზისი ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების თაობაზე დაუკავშირა.
უმრავლესობა კი წითელი ხაზის გადაკვეთის მცდელობაში დღეს უმცირესობას ადანაშაულებდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნებას არაკონსტიტუციური გზით ცდილობს.
315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების გამჭირვალედ წარმართვა დღეს ხელისუფლებას თავისუფალმა დემოკრატებმაც მოსთხოვეს. ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არც საერთაშორისო საზოგადოებას არ უნდა დარჩეს.
დეპუტატები გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.