ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას ესაუბრება და განიხილავს სცენარს, რომელიც რუსთავი 2–ში ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების და დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევაში უნდა განვითარებულიყო - სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიმდინარე გამოძიებასთან დამატებითი კითხვები გააჩინა.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ძალოვანი უწყებების პირველ პირებთან შეხვედრა გამართა ქვეყნის პრემიერმინისტრმა. განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობაც. ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ ვითარებაში საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ვითარების კიდევ უფრო გამწვავებისა და შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით გადაწყვეტილება მიიღო რუსთავი ორმა. საგანგებო ბრიფინგზე, რომელსაც არხის საზოგადოებრივ პოლიტიკური დეპარტამენტის ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა, ნიკა გვარამიამ და ზაალ უდუმაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს რომ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არხს თანამშრომლები თავად დაიცავდნენ.
ავტორი: ეკა გაგუა