მმართველი გუნდი ცესკო-ს მონაცემებით ორივე მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს. მარტვილში პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელს ქართული ოცნების წევრმა დიდი სხვაობით სძლია. რაც შეეხება საგარეჯოს, აქ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე არჩევნების დღე და მისი მომდევნო პერიოდი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ვითარების დაძაბვა განსაკუთრებით იმ სპეცუბნის შედეგებმა გამოიწვია, სადაც მუხროვანის სამხედრო ბაზის შედეგები ითვლებოდა. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა გაყალბებას, თუმცა თამარ ხიდაშელს მიაჩნია, რომ ამ უბნის შედეგების გაუქმების შემთხვევაშიც არჩევნებში მან გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი სხვაობა ხმათა რაოდენობის მიხედვთ ქართული ოცნების სასარგებლოდ სწორედ სპეცუბანზე დაფიქსირდა. პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელი გეგმავს, რომ ამ უბნის შედეგები გაასაჩივროს და აქციების გამართოს. ცესკო-ს მონაცემები კი საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქში ასეთია:
ქართული ოცნების კანდიდატი- 49.5%
პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი- 45,8% მათ შორის სხვაობა დაახოლებით 600 ხმაა.
პოსტსკრიპტუმის გადამღები ჯგუფმა არჩევნების დღის ერთი ნაწილი პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელთან, ხოლო მეორე ნაწილი მმართველი გუნდის წარმომადგენელთან ერთად გაატარა. ჟურნალისტი პაატა იაკობაშვილი კანდიდატებთან ერთად საგარეჯოს მოსახლეობასაც შეხვდა და დაინტერესდა, რის საფუძველზე გააკეთეს მათ არჩევანი.
ამომრჩეველმა ხმა კანდიატებს ძირითადად პირადი სიმპატიების საფუძველზე მისცეს.
რაც შეეხება მარტვილის საარჩევნო ოლქს აქ ქართული ოცნების კანდიდატმა სოსო დანელიამ გამარჯვება დამაჯერებლად მოიპოვა. მან ხმების 72.5% აიღო, კონკურენტმა ეთერ მეძველიამ კი 27.4%.
ავტორი: პაატა იაკობაშვილი.