სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) ხელმძღვანელს ზვიად დევდარიანს ამ დრომდე არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება მიიღებს თუ არა მონაწილეობას რუსთავი 2-ის მიერ შეთავაზებულ წინადადებაში, რაც სამაუწყებლო კომპანიაში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას გულისხმობს.
დევდარიანის განცხადებით მისთვის მნიშვნელოვანია თავდაპირველად გაიგოს თუ რა ფორმით იმუშავებს საბჭო.
"ძალიან კარგია, რომ როგორც მენეჯმენტი, ისე ჟურნალისტთა კორპუსი ამ ვითარებაში რაღაც გამოსავალს ეძებს. ეს არ იყო უბრალოდ მხოლოდ კრიზისული მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ძალიან კარგია, რომ რუსთავი 2-მა ეს ინიციატივა გააჟღერა. მე ვფიქრობ, რომ ამ ინსტიტუციის ფუნქცია იქნება, რომ იყოს დამცავი წრე. თუ აქ გულწრფელობის დიდი ნაწილია ჩადებული ის არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება. იდეა კარგია, მაგრამ უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია ჯგუფის შემადგენლობა, არ გამოვრიცხავ, რომ ჯგუფს შეემატონ ან გამოკლდნენ ადამიანები. აუცილებელია, რომ მაყურებელი ენდობოდეს საბჭოს. საინტერესოა როგორ ფიქრობს, მენეჯმენტი თუ როგორ უნდა იმუშავოს საბჭომ. თუ ეს გრძელვადიანი იდეა იქნება ამას ბევრი ორგანიზაცია შეუერთდება.
ხვალ იგეგმება პირველი შეხვედრა სადაც შევიკრიბებით ის ადამიანები ვისაც შესთავაზეს. მე არ ვარ ექსპერტი მედიის მიმართულებით, მე უნდა ვიგრძნო, რომ მე და ჩემს ორგანიზაციას შეგვიძლია რუსთავი 2-ს დახმარება გავუწიოთ.
მოსამართლის გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს გრძელვადიანი. ვინ იქნება რუსთავი 2-ის მფლობელი არ ექნება მნიშვნელობა თუ ამ ტიპის ორგანო იარსებებს ტელეკომპანიაში,"- განაცხადა ზვიად დევდარიანმა.