რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ახლახან გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება. გვარამია ამბობს, რომ გვარცელებულ აუდიომასალაში მისი ხმაა, თუმცა ჩანაწერი არ არის უწყვეტი და დამონტაჟებულია.
"არ ვადასტურებ ამ ჩანაწერის ავთენტიკურობას იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნამდვილად ჩემი ხმაა, თუმცა მე მსგავსი საუბრის მიყოლებით ასეთი შინაარსი არ მახსოვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი არ არის უწყვეტი და დამონტაჟებულია, მეორე ჩანაწერზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. გარდა ერთისა, რომ ეს არის სრულიად სამარცხვინო, რასაც ახლა საქართველოს უშიშროება აკეთებს და ასევე სამარცხვინოა, რასაც ახლა აკეთებს ის, ვინც ამას ახმოვანებს და ეთერში დებს, იმიტომ, რომ ადამიანის პირად ცხოვრებას ასახავს, მაგრამ რაც შეხება ჩემს საუბარს, მე უნდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილთან და არამხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ კომპეტენტური ადამიანების აყვანა მჭირდება დაცვაში, ისეთის, ვინც საჭიროების შემთხვევაში კომპანიას დაიცვას, არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შემოტევებისგან, არამედ ე.წ. ტიტუშკების შემოტევებისგანაც, რაც ზუსტად ვიცოდით, რომ იგეგმებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, და შემიძლია ეს ინფორმაცია გავახმოვანო, რომელიც მოგვაწოდა ჩვენმა წყარომ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომ საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციებს გეგმავდა სწორედ ამ ჩანაწერზე დაყრდნობით, და როგორც კი ჩვენს ეზოში ასეთი ადამიანები გამოჩნდებოდნენ, მათ შორის ყოფილი სპეცნაზელები, რამდენიმე მათგანი ხელისუფლების მიერ ანგაჟირებული იქნებოდა და პროვოკაციის მოწყობა მოხდებოდა. ამიტომ, ჩვენ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ არც ამ და არც სხვა ადამიანების ჩვენს სივრცეში შემოშვებას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ არის მაღალი საშიშროება, ხელისუფლება თავზეხელაღებულია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, ასევე მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანიის ტერიტორიაზე უშიშროების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ერთერთი მათგანი სხეულზე დამაგრებული ფარული ჩაწერას ახორციელებდა, მათ შორის, წერდა იმ ადამიანებს, ვინც მის მიერ წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ სანახაობა შეექმნათ, რომ იარაღის გამოყენებით რევოლუციური სცენარის მომზადება მიმდინარეობს.
ნიკა გვარამიამ საქართველოს მთავრობას მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლება დამარცხდა და დემოკრატიამ გაიმარჯვა.