რუსთავი 2-ის საქმე და მედიაგარემო საქართველოს პარლამენტში ევროპელი დეპუტატების მონაწილეობით გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრაზე მათ ქართველ კოლეგებთან ერთად ერთობლივი განცხადებაც მიიღეს, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხს ცალკე თავი ეთმობა.
ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის გზავნილებზე მედია მრავალფეროვნების აუცილებლობასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანამა ისაუბრა.
ევროკავშირის ელჩის გამოსვლის შემდეგ, რუსთავი 2-ის საქმის გარშემო მიმდინარე დისკუსიაში ევროპელი პოლიტიკოსები აღარ ჩართულან, თუმცა მმართველი კოალიციისა და ოპოზიციის დებატებს რამდენიმე საათის განმავლობაში ისმენდნენ. საპარლამენტო უმცირესობა რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლების ღიად დაინტერესებაზე მიანიშნებდა, უმრავლესობის წევრები კი კვლაც სამართლებრივ დავაზე აკეთებდნენ აქცენტს.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრა განცხადების მიღებით დასრულდა. დოკუმენტის ოფიციალური ვერსია ხვალ გამოქვეყნდება.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.