მესამე სექტორი რუსთავი 2-ის საქმეს აფასებს. მათი ნაწილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე ჰქონდა მიღებული, ვიდრე საერთოდ ქიბარ ხალვაში სარჩელს შეიტანდა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატების მხრიდან უტყუარი მტკიცებულებების არქონაზე საუბრობს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, რომელიც მიმდინარე პროცესს რთულს უწოდებს და ფიქრობს, რომ შემდეგ ინსტანციებში მაინც მოიხსნება სამართლებრივი კითხვები არსებულ საქმესთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასწრაფო აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად აფასებენ და ამბობენ, რომ დღეს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ტელეკომპანიის ჟურნალისტების უფლებების დაცვა წარმოადგენს.
„საავტორო უფლებებისთვის დავა როგორც ჩანს ხელოვნურად იყო შექმნილი იმისათვის, რომ კონკრეტულად ამ მოსამართლის ხელში მოხვედრილიყო საქმე. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველამ დავიცვათ რუსთავი 2-ის ინტერესები,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.