20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"ურთმელიძის გადაწყვეტილება შეიძლება სახელმძღვანელოებში სამარცხვინო ლაქად ჩაიწეროს"- ზაალ უდუმაშვილი

"ყოველდღიურად შევახსენებთ ხელისუფლებას ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება სახელმძღვანელოებში სამარცხვინო ლაქად ჩაიწეროს"- ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გააკეთა. 

უდუმაშვილის განცხადებით რუსთავი 2-ის გუნდი დღეს არის ერთიანი და მზად არის იბრძოლოს ბოლომდე. ზაალ უდუმაშვილმა არჩევანში საუბრის დროს მადლობა გადაუხადა TV საქართველოსა და რუსთავი 2-ის იურისტებს. როგორც უდუმაშვილი ამბობს, იურისტებმა მოახერხეს და საზოგადოებას განუმარტეს "თუ რა აფსურდის თეატრი" მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოში.

"რუსთავი 2 მუშაობას ჩვეულ რითმში განაგრძობს. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. ეს ბოლო 1 თვე 24 საათიან სტრესულ ვითარებაში გვიწევდა მუშაობა. მართლაც თავს გადავაბიჯეთ, რომ ეს არ დატყობოდა ეთერს და საბოლოო ნამუშევარს. ჩვენ ეს შევძელით. 

ახლა გვაქვს საშუალება ცოტა დავმშვიდდეთ და მშვიდ ვითარებაში გავაგრძელოთ მუშაობა. მე მინდა ზაზას და მთელ ადვოკატთა გუნდს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით მუშაობისთივის, რაც მათ გაწიეს სასამართლოში. მათ შეძლეს და დაანახეს არა მხოლოდ სასამართლოს, მთელ საზოგადოებას თუ რა აბსურდის თეატრთან გვაქვს საქმე და რა პროცესი მიმდინარეობს რეალურად.

ეს იმდენად გასაგებ ენაზე მიმდინარეობდა, ჩემთვის როგორც არაკვალიფიციურ ადამიანისთვის ძალიან ნათელი გახდა რასთან გვქონდა საქმე.  გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყო თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაწირა სასამართლო. შემთხვევით არ ვიძახი. ქვეყნის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელზეც არის
დაფუძნებული ყველა დემოკრატიული ქვეყანა მისი რეპუტაცია არაფრად არ ჩააგდეს. ეს პროცესი სასამართლოს ლუსტრაციის შედეგია. ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს დადგა პირდაპირ არის ნიშანი იმისა, თუ რამდენად არის სასამართლო მორჩილი ხელისუფლების მიმართ.  ურთმელიძე არის სასამართლოს სახე დღეს. ძალიან კარგად გვესმის, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია ჩვენთვის. ეს გადაწვყეტილება
არ ნიშნავს არაფერს და ახლა ვიწყებთ ომს ჩვენ. ამ ომს სამართლებრივ ჩარჩოში ვაგრძელებთ. რამდენიმე თვე გვაქვს ამისთვის.

ჩვენ ყოველდღიურად შევახსენებთ ხელისუფლებას ურთმელიძის გადაწვეტილებას, რომელიც შეიძლება სახელმძღვანელოებშიც კი შეიძლება მოხვდეს, როგორც ანტისახელმძღვანელო, როგორც სამარცხვინო ლაქა.

რუსთავი 2-ის გუნდი ისეთი ერთიანია როგორც არასდროს. ვართ ბრძოლისთვის ბოლომდე მზად. მზად ვიყავით იმისთვის, რომ დაუყონებლივი აღსრულება მომხდარიყო აქაც
ჩავებმეოდით ბრძოლაში და არ ვაპირებდით რუსთავი 2-ის დათმობას. მითუმეტეს ეხლა არ ვაპირებთ რუსთავი 2-ის დათმობას. საკონსტიტუციო სასამართლომ მოგვცა იმის საშუალება, რომ მშვიდ ვითარებაში გავაგრძელოთ ბრძოლა.

ხელისუფლებისთვის არხის დახურვა თუ იმას ნიშნავს, რომ არხი ჩაქრეს, ეს სხვა საკითხია. ჩემთვის რუსთავი 2-ის დახურვა ნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს. თუ მაყურებელი იმას ვეღარ გაიგებს,  რაც ეხლა ესმის ეს აღარ იქნება რუსთავი 2.

ეს ლოგო, რომელზეც ხალვაში დაობდა არ ნიშნავს არაფერს თუ არ იქნება ის გუნდი რომელიც მის უკან დგას. პირდაპირ კავშირშია დღეს არხის მფლობელების ცვლილება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან. ამისთვის მიდის რეალურად ბრძოლა, რომ რუსთავი 2 გაჩუმდეს,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

 

დღის ამბები