20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული ჩანაწერების გამო სუს-ში დღეს 4 პირი დაკითხეს

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკითხვების მორიგი რაუნდი უსაფრთხოების სამსახურში. ყველა, ვისი ჩანაწერიც გამოქვეყნდა უკრაინულ ვებგვერდზე, დღეს მოდულის შენობაში დაიბარეს. დაკითხვაზე იყვნენ ისეთი პირებიც, რომელთა გვარიც აუდიოჩანაწერებში ფიგურირებდა.

უკვე მეორედ დაკითხა რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი, რომელიც ჩვენებას 4 საათის განმავლობაში აძლევდა. ნიკა გვარამია ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს.

ყველაზე ბოლოს დაკითხვაზე გივი თარგამაძე შევიდა. მანამდე გამომძიებლების კითხვებს ნუგზარ წიკლაური და კობა ხაბაზი პასუხობდნენ.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს იგეგმებოდა თუ არა რუსთავი 2–ის ეზოში სახელმწიფო გადატრიალება.

სავარაუდოდ ამის ერთდაერთი წყარო საქართველოს უსაფრთოების სამსახურისთვის საეჭვო წარმომავლობის საიტზე განთავსებული სატელეფონო ჩანაწერებია. ამ დრომდე სხვა მტკიცებულებების შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაკითხვების პარალელურად რუსთავი 2-ის შენობას ვიდეო კამერები და საპატრულო ეკიპაჟები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. 

ავტორი დავით ქაშიაშვილი. 

 

 

 

დღის ამბები