რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს პარტია ”ახალმა მემარჯვენეები”, სადაც საუბარის პოლიტიკურ პროცესზე, რომლის უკანაც ხელისუფლება დგას.
”სამწუხაროდ, რუსთავი 2–ის გარშემო მიმდინარე სამართლებრივი პროცესი გუშინდელი ღამის შემდეგ გადავიდა უკანა პლანზე და ნათელი გახდა, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომლის უკან დგას ხელისუფლება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ თითქოს შეარბილა დაძაბულობა და გაჩნდა იმედი, რომ პროცესი არ გავიდოდა სამართლებრივი ჩარჩოდან, მაგრამ მოსამართლე ურთმელიძის უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა მოვლენების ცივილიზებულად განვითარების შესაძლებლობა. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება შინაარსით და შედეგის თვალსაზრისით ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
დღეს ჩვენ აღმოვჩნდით სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა ლახვარი ჩასცეს ქართულ სასამართლოს, რითაც მიზანმიმართულად საფრთხე შეუქმნეს ქვეყნის საგარეო კურსს და საქართველოს ხალხის ევროატლანტიკურ პერსპექტივას.
ამავდროულად ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ქვეყანას არ უტოვებს შანსს განვითარდეს დემოკრატიულად და ცდილობს დააბრუნოს იმ ეპოქაში, როცა ფეხქვეშ ითელებოდა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის უფლება, მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ფაქტია, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების არსებობას და მზად არის მასზე კონტროლის მოპოვებას შესწიროს ქვეყნის სტაბილური განვითარება,“ - ნათქვამია ახალი მემარჯვენეების განცხადებაში.