შპს „სტერეო+“-მა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„შპს ,,სტერეო+“ს არაერთი ჟურნალისტი (მათ შორის შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-დან) დაგვიკავშირდა შეკითხვით - ხომ არ შემოსულა კომპანიაში რაიმე წერილი, ან მიმართვა შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს ეროვნული საეთერო მაუწყებლობის შეზღუდვის, ან შეწყვეტის მოთხოვნით.
გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ მსგავსი მიმართვა კომპანიას არ მიუღია და ჩვენს მიერ ამ მიმართულებით რაიმე ქმედებას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. უფრო მეტიც, ყველა მედია მენეჯერისთვის ცნობილია, რომ შპს „სტერეო +“-თან დადებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურების ხელშეკრულება შეიცავს მაღალი საერთაშორისო სტანდარტის ჩანაწერს, რომლითაც შეუძლებელია მაუწყებლობის შეწყვეტა, ან შეზღუდვა წერილობითი მომართვიდან 6 თვის განმავლობაში.
ჩვენი კომპანია, მისი დამფუძნებლები და ინვესტორები ყოველთვის იდგნენ და კვლავაც იდგებიან მაუწყებლობათა დაცვისა და დახმარების სადარაჯოზე, რის გამოც კომპანია წარსულში რამოდენიმეჯერ თავდასხმისა და დარბევის ობიექტადაც იქცა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ყველას ვთხოვთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“.