რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება სააგენტო როიტერი. სტატიაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეარხის მფლობელის შეცვლის შესახებ ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ არხის მენეჯმენტიც ჩაანაცვლა.
ავტორის სტატიის თანახმად, კრიტიკოსებმა ეს ნაბიჯი მედიათავისუფლების ჩახშობის მცდელობად შეაფასეს. სტატიაში მოყვანილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ გუშინდელი განჩინება ანადგურებს რუსთავი 2-ის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას და ძირს უთხრის მედიის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს საქართველოში.
როიტერი ეხმაურება შეერთებული შტატების ელჩის განცხადებასაც და ციტირებს, რომ "თავისუფალ მედიას წახალისება სჭირდება და არა მიჩუმება."