20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
საინფორმაციო სააგენტო GHN-ი რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხადებს

საინფორმაციო სააგენტო  GHN-ი სოლიდარობას უცხადებს რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაცული იქნება უფლება, თავისუფლად განახორციელონ პროფესიული მოვალეობა. ამის შესახებ ნათქვამია ახალი ამბების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სწორედ ამ ვითარებაში მედიასოლიდარობასა და გონივრულ მოქმედებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანას ავარიდოთ პოლიტიკური კატაკლიზმები, დაპირისპირება და კონფრონტაცია. იმ პირობებში, როდესაც ტელეკომპანია რუსთავი 2 წარმოადგენს ხელისუფლების კრიტიკულ მედიასაშუალებას, სწორედ ხელისუფლებას მართებს სიფრთხილე, რომ  ყველა ნაბიჯი იყოს მოზომილი და სამართლიანი. ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ პროცესები არ გადაიზარდოს ქაოსში და არ შექმნას პოლიტიკური კრიზისი.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები თავისი შინაარსით ცდება კონკრეტული მედიაკომპანიის ბედს. ხელისუფლებამ ერთი კონკრეტული მოსამართლის ხელით არჩევანის წინაშე დააყენა არა თუ თითოეული მოქალაქის, არამედ ქართული სახელმწიფოს მომავალი.

მოსამართლის განჩინებაში მოყვანილი არგუმენტები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა სურვილი განსაზღვროს მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკა და ქვეყანაში მედიაცენზორის არსებობა დააკანონოს.

მიგვაჩნია, რომ ახლა აუცილებელია სიმშვიდე, არსებული ვითარების განმუხტვა. აუცილებელია, ხელისუფლებამ, რომელიც ვითარების კონტროლიდან გამოსვლის შემთხვევაში, ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას, სწორად შეაფასოს თუ რა საფრთხე ექმნება ქვეყნის მოსახლეობის ევროპულ არჩევანს, ვიზალიბერალიზაციის პროცესს, ნატოსთან თანამშრომლობის პერსპექტივას.

სოლიდარობას ვუცხადებთ რუსთავი 2-ს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს თანადგომას რუსთავი 2-ის ჟურნალისტებისადმი და როგორც ყოველთვის, თანადგომას ვუცხადებთ ყველა მედიასაშუალებას სიტყვისა და გამოხატვის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების დასაცავად," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები