"ადვოკატი კლიენტისთვის ბევრს უნდა აკეთებდეს, მაგრამ არა ყველაფერს. აქ დანაშაულის ნიშნები იკვეთება," - ეს განცხადება პაატა სალიას შესახებ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
"სრულიად გასაგებია, რაც ხდება. ადვოკატი თავის კლიენტისთვის ბევრს უნდა აკეთებდეს, მაგრამ არა ყველაფერს. უკანონო გარიგებაში არ უნდა ერთვებოდეს, მოსამართლის გადაწყვეტილებებს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით არ უნდა წერდეს. ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავს," - აღნიშნა გვარამიამ.
რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებულ განჩინებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განჩინება ურთმელიძის დაწერილი არ არის.
"17-გვერდიანი გადაწყვეტილება თამაზ ურთმელიძეს ერთ დღეში კი არა, ერთ კვირაში არ დაუწერია თავის სიცოცხლეში. ამერიკის უზენაესი სასამართლოს არსებობა საერთოდ ყურმოკვრით იცის. განჩინებაში ამერიკის უზენაესი სასამართლოს საქმეებიდან ციტირებები აქვს. ურთმელიძემ პროცესის მიმდინარეობის დროსაც სხვისი დაწერილი განჩინება წაიკითხა და, როცა რამდენიმე სიტყვის განმარტება ვკითხეთ, ვერ განმარტა, მისთვის გაუგებარი იყო. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არ არის სასამართლო. თამაზ ურთმელიძის პროფესიული მომავალი სახარბიელო არ არის. მე, როგორც ყოფილი ადვოკატი, ძალიან ვწუხვარ ჩემი კოლეგების გამო, რადგან ისინი ხელისუფლებასთან დანაშაულებრივ გარიგებაში არიან," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.