საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადება გაავრცელა და პარლამენტის თავმჯდომარეს და რამდენიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირის განცხადებებს უპასუხა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს განცხადებები ეფუძნებოდა ფაქტობრივად მცდარ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
"საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერი საქმეზე "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2 და შპს ტელეკომპანია საქართველო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, მიიღო 2015 წლის 2 ნოემბერს, დღის 12 საათზე. ამის თაობაზე სასამართლომ მხარეები გააფრთხილა საოქმო ჩანაწერის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე. ამასთან, მსგავსად ყველა სხვა გადაწყვეტილებისა, აღნიშნული საოქმო ჩანაწერი გამოცხადდა საჯაროდ, მოპასუხის წარმომადგენლის და არაერთი მედიასაშუალების თანდასწრებით. შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია გადაწყვეტილების მალულად მიღებაზე საუბარი. გაუგებარია, როგორ შეიძლება კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიღებული გადაწყვეტილება (რასაც თავად უმრავლესობის წარმომადგენლებიც ადასტურებენ) ჩაითვალოს მალულად მიღებულად.
"როგორც არაერთგზის აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი (განმწესრიგებელი სხდომა), როგორც წესი, წყდება ზეპირი მოსმენის გარეშე. სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ გადაწყვეტილებების უმრავლესობა სასამართლომ განიხილა სწორედ ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, განმწესრიგებელი სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენით მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა არგუმენტების მოსმენა აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, სასამართლოს არაერთი საქმის არსებითად განსახილველად მიღება/არმიღების საკითხი გადაუწყვეტია ზეპირი მოსმენის გარეშე, როდესაც მხარე ითხოვდა სადავო ნორმის შეჩერებას.
"სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნა არ არის არც საკანონმდებლო და არც პრაქტიკით დამკვიდრებული საფუძველი საქმის ზეპირი მოსმენით ჩატარებისთვის, არამედ კანონიც და პრაქტიკაც ერთ კრიტერიუმს ეფუძნება - ზეპირი მოსმენით ნორმის შეჩერების საკითხი განიხილება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლოს აქვს კითხვები მხარესთან ამ საკითხის გადასაწყვეტად.
"N675 კონსტიტუციურ სარჩელზე, ვინაიდან მასში ნათლად და არაორაზროვანდ იყო მითითებული ყველა ის საკითხი, რისი გამორკვევაც აუცილებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებისათვის და, ამასთან, სასამართლოს ჰქონდა პასუხი სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად მისთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.
"ერთი მხრივ, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაწილმა საჯაროდ დააფიქსირა პატივისცემა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, განურჩევლად იმისა, იზიარებენ თუ არა მის შინაარსს, რაც მათ სათანადო პოლიტიკურ და სამართლებრივ კულტურაზე მიუთითებს. თუმცა, იმავდროულად, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და საქმის თავისებურებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, შესაძლებლობა მისცენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, პირუთვნელად განახორციელოს კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ფუნქცია, ვალდებულებები, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის, მთლიანად ხელისუფლების და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის.
"იმავდროულად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია „შპს ტელეკომპანია რუსთავი-2-ის“ ორი კონსტიტუციური სარჩელი, ამასთან, 6 ნოემბერს შემოვიდა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელი. თითოეულ მათგანს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და წესით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ განცხადებებისგან და ქმედებებისგან, რომლებიც ახდენენ პროვოცირებას, საკონსტიტუციო სასამართლო აღქმული იქნეს პოლიტიკური პროცესის მონაწილედ," - ნათქვამია განცხადებაში.