რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, ვლადიმერ კარა-მურზა, რომლის თვალწინაც გაიარა რუსეთის ფედერაციაში თავისუფალი მედიის განადგურების პროცესმა.
მან შეფასებები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ამერიკაში რუსთავი2-ის კორესპონდეტნთან გააკეთა.
„მოდით, გავიხსენოთ, როდესაც 15 წლის წინ ბატონი პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, პირველი, რაც გააკეთა იყო ის, რომ გაასუფთავა სატელევიზო სივრცე. გაანადგურეს ენტევე - უმსხვილესი დამოუკიდებელი ტელეარხი მაშინდელ რუსეთში, რომელიც ხელში ჩაიგდო სახელმწიფო სტრუქტურა გაზპრომმა. დახურეს ტელეარხები, ტევე 6 და ტევეესი. ამ არხის გასანადგურებლად ბევრი არ უწვალიათ, მის დასახურად პირდაპირ ბეჭდვის სამინისტროს ბრძანება გამოსცეს. ენტევესთან დაკავშირებით კი გახსოვთ, ამბობდნენ, მმართველ სუბიექტებს შორის დავა იყოო. სასამართლოები გამართეს ტევე 6-თან დაკავშირებითაც. თუმცა ეს ყველაფერი თეთრი ძაფით იყო ნაკერი და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებაში მოსული ავტორიტარული რეჟიმი ალტერნატიული და დამოუკიდებელი აზრისგან სატელევიზიო ველს წმენდდა. სამწუხაროდ, ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება და ეს ძალიან საშიშია. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთში დამოუკიდებელი ტელევიზიების განადგურება მხოლოდ დასაწყისი იყო. ცნობილია, რომ დანაშაული უფრო ადვილია ჩაიდინო ღამით და არა მაშინ, როდესაც ყველა ყველაფერს ხედავს. მას შემდეგ, რაც განადგურდა დამოუკიდებელი არხები, რუსეთში გაჩნდა პოლიტპატიმრებიც, მოისპო სასამართლო სისტემა, დაიწყო არჩევნების მუდმივი გაყალბება და დაისადგურა ისეთმა საშინელმა კორუფციამ, რომლის მსგავსი მასშტაბი არავის ახსოვს. სამწუხაროდ, ჩანს, რომ საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ აირჩია იგივე გზა და სურს გაანადგუროს ძლიერი, პოპულარული და დამოუკიდებელი ხმა, რომელიც აქვს თქვენს ტელევიზია რუსთავი 2-ს. იმედი მაქვს, მათ ეს არ გამოუვათ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საერთაშორისო სტრუქტურების მხარდაჭერა თქვენს მიმართ, არამედ რუსთავი 2-ის მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდანაც. სამწუხაროდ, 2000-იანი წლების დასაწყისში, რუსეთში არ იყო მასობრივი მიტინგები და როდესაც მეექვსე არხს ხურავდნენ, საზოგადოებას ეძინა, რამაც მისცა საშუალება კრემლს ტელევიზიები გაენადგურებინა," - განმარატვს კარა-მურზა.
კურიერის კორესპონდენტთან საუბარში ჟურნალისტი ასევე შეეხო ამერიკის ადმინისტრაციის, ევროკავშირის და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებსაც. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი საქციელი ანადგურებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივებს.
"ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი რომ გახდე, უნდა შეესაბამებოდე მის სტანდარტებს და მის პრინციპებს სცემდე პატივს. გამორიცხულია, იყენებდე სასამართლო სისტემას რეპრესიების ხელკეტად. გამორიცხულია, ხურავდე ან ხელში იგდებდე დამოუკიდებელ ტელევიზიებს და პარალელურად, პრეტენზია გქონდეს, იყო დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ასე არ ხდება, ან ერთი უნდა აირჩიო, ან მეორე. როგორც იქცევა დღეს საქართველოს ხელისუფლება, ეს არის მიუღებელი საქციელი ქვეყნის შიგნით და ის ასევე ანგრევს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივებს," - განაცხადა ვლადიმერ კარა-მურზამ.