რუსთავი2-თან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკოსები აფასებენ. გიორგი მარგველაშვილის პოზიციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცის ნაწილი "სახელმწიფოებრივს" უწოდებს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ პრეზიდენტს უფრო მკვეთრი განცხადება უნდა გაეკეთებინა.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება საზოგადოების ინტერესებს ემთხვევა, თუმცა ხელისუფლება და მთავრობასაწინააღმდეგო დინებით მიდის.
პრეზიდენტის პოზიციას "სახელწმიფოებრივს" უწოდებს კახა კუკავა.
„უფრო მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული რუსთავი2-ზე, არამედ როგორ იქნება ის მიღებული. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ კანონის ფარგლებში. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად გადაწყვეტილებების მიიღება ხდება სხვა ინსტიტუტების მიერ და შემდგომ მოსამართლესთან უბრალოდ ხელმოსაწერად მიაქვთ, ეს, ბუნებრივია, მიუღებელია,“ - აცხადებს კახა კუკავა.
პოლიტიკოსთა ნაწილი პრეზიდენტს განცხადების ტონს უწუნებენ. მაგალითად, ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება არ იყო "საკმარისი რიხით“ წარმოთქმული.
„ის, როგორც ჩანს, მმართველი კოალიციის გავლენას და შიშს განიცდის და აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილი იყო,“ - აცხადებს გიორგი გუგავა.