20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
5 ნოემბრის განჩინება და რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული პროცესები

მიმდინარე კვირა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებით დაიწყო, რომლითაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს დაუყოვნებლივი აღსრულების შესაძლებლობა შეეზღუდა.

მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის დავაზე ის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ყველა ელოდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე 100 პროცენტიანი წილის გადაცემა ქიბარ ხალვაშისთვის დაუყოვნებლივ ვეღარ შეძლო.

5 ნოემბერს ღამით კი ტელევიზიის თანამშრომლებისთვის თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც მოსამართლემ ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე მიიღო, რომ არხის იურისტებისთვისაც არაფერი უცნობებია. მისი განჩინების მიხედვით რუსთავი 2-ის გენერალური და ფინანსური დირექტორები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. მათ ნაცვლად კი ტელეკომპანიის მართვა დროებით მმართველებს დაევალათ.

მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების იურიდიულ გაუმართაობაზე არაერთი განცხადება გაკეთდა და ის არხის შიდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად და ოფიციალური ცენზურის დაწესებად შეაფასეს.

მოსამართლე ურთმელიძის განჩინების მიხედვით, რუსთავი 2-ის დროებითი მართვა, დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს დაეკისრათ. მოსამართლემ ისინი მიუკერძოებელ პირებად მიიჩნია მაშინ, როდესაც რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი ტელეკომპანიაში წილების დაბრუნებაზე უკვე მესამე წელია იბრძვის. რევაზ საყევარიშვილი კი რუსთავი 2-ის კონკურენტი არხის ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი იყო.

რუსთავი 2-ის ეთერში, თუ ეთერს გარეთ გამოთქმული უამრავი მოსაზრებისა და უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერის შემდეგ, ურთმელიძის მიერ დანიშნულმა დროებითმა მმართველებმა კომპანიას ახალი წინადადებით მიმართეს. ნიკა გვარამიას სანაცვლოდ მათ არხის მფლობელებს სხვა გენერალური დირექტორის კანდიდატურის შერჩევა შესთავაზეს.

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები