რუსთავი 2-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება დასავლეთი. სასამართლოს დადგენილებებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან ერთ დღეში 3 განცხადება გაკეთდა. დიპლომატების შეშფოთებას იზიარებენ ექსპერტებიც და ხელისუფლებას, დემოკრატიული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ სასამართლო განჩინებას სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მორიგი მწვავე განცხადება მოჰყვა. განვითარებული მოვლენების გამო უწყების პრესმდივანმა ყოველდღიურ ბრიფინგზე შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მსგავს მცდელობას სააპელაციო პროცესამდე ღრმა პოლიტიკური შედეგი ექნება. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოსა და თავისუფალი მედიის არსებობა აუცილებელია.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრი უნდა წაახალისო და არა გააჩუმო. როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ამ საქმესთან დაკავშირებით, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტია და მას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებული, ევროატლანტიკური იტეგრაციისთვის. შეერთებული შტატების პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზეც ვთხქვით და ამის შესახებ ჩვენმა ელჩმაც გაუგზავნა ეს მესიჯი პირადად და საჯაროდაც“, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ ქირბიმ.
დასავლელ დიპლომატებთან ერთად რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში "ფრიდომ ჰაუსის" საერთაშორისო პროგრამების ვიცეპრეზიდენტი რობერტ ჰერმანი წერს, რომ რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტის დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების იგნორირებას ახდენს და ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში.
საქართველოში მედია შეზღუდვის ნიშნებს ხედავენ ექსპერტებიც. პოლიტოლოგების შეფასებით, მსგავსი პროცესები მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.