20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
რუსთავი 2-ის საქმეს უცხოელი ჟურნალისტები აფასებენ

ბრიუსელში რუსთავი 2-ის საქმეს უცხოელი ჟურნალისტები აფასებენ, რომლებიც კურიერთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს მოვლენები უარყოფითად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„ის, რაც საქართველოში ხდება სრული სიგიჟე და გამაოგნებელია. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ასეთი ერთიანი გამოხმაურება მე ჯერ არ მახსოვს. ამერიკა, ევროკავშირი, ეუთო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა შეცბუნებულია ამ განჩინების გამო. ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზულ ზიანს მიაყენებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს. თქვენ წლებია ამ მიზნისთვის მუშაობდით და აქამდე ყველაფერი სწორი გზით მიდიოდა. ევროკავშირისთვის მედიაპლურალიზმი საკვანძო საკითხია. ბატონ ღარიბაშვილს მოუწევს ამ თემაზე პასუხების გაცემა თბილისში, როდესაც მოგერინი ჩამოვა და შემდეგ აქ, ბრიუსელში ვიზიტის დროს. მას ძალიან გაუჭირდება აუხსნას ეს ნაბიჯი ადამიანებს, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება გადამწყვეტია.“ - აცხადებს რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს კორესპონდენტი კიკარდ ჟოზვიაკი.

უკრაინის ტელეკომპანია 112-ის არხის ჟურნალისტი კი მის ქვეყანაში იანუკოვიჩია მმართველობის დროს მედიაზე მიმდინარე პროცესებთან ავლებს პარალელებს.

"ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც უკრაინაში ხდებოდა. იდენტური სიტუაცია გვქონდა იანუკოვიჩის მმართველობის დროს ოპოზიციურ ტელეარხ ტივიაისთან დაკავშირებით. იქ სრულიად გაუგებრად გაჩნდა ახალი მმართველი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა, დაიწყო სასამართლო პროცესი და საბოლოო ჯამში არხი დაიხურა. ხელისუფლებამ მედიის შევიწროვება ბიზნესის ხელით დაიწყო და თქვა რომ ეს ბიზნესმენების დავააო. ზუსტად იგივე ხდება რუსთავი ორთან დაკავშირებით. შეუძლებელია, რომ ამას არ ჰქონდეს ნეგატიური გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციაზე ზუსტად ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში მოხდა. ეს ჩანს იმ განცხადებებშიც, რომლებიც გაკეთდა. სიტყვის თავისუფლება ევროპული თავისუფლების ამომავალი წერტილია", - აცხადებს უკრაინულ ტელეარხ 112-ის კორესპონდენტი ვიქტორ კოლომიტსი.

მომავალ კვირას თბილისში ვიზიტით ჩამოვა ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი, ნოემბრის შუა რიცხვებში კი საქართველოს პრემიერმინისტრი ბრუსელში ჩადის. ირაკლი ღარიბაშვილს არაერთ უხერხულ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

დღის ამბები