ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის ვალდებულება რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2 დღის წინ შეახსენა, როცა არხის ხელმძღვანელობა შეცვალა. გადაწყვეტილების აუცილებლობა კი იმით ახსნა, რომ სარედაქციო პოლიტიკისა და საინფორმაციო ბადის შინაარსის გამო, შესაძლოა, ტელევიზიამ მისი როლი და დანიშნულება დაკარგოს.
მეორე დღეა, მოსამართლე ურთმელიძეს მისი შეფასებებისა და რეკომენდაციების გამო კრიტიკით პასუხობენ მედია წრეებში. ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელს კომპეტენციის გადამეტებასა და მედიის საქმიანობაში უხეშ ჩარევაში ღიათ ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, მოსამართლემ მედიის დამოუკიდებლობისთვის სახიფათო პრეცედენტი შექმნა.
სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის გამო, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს. გუშინ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებას ხელს 20 ორგანიზაცია აწერს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე