გაზეთი რეზონანსი რუსთავი2-ს სოლიდარობას უცხადებს.
ამასთან დაკავშირებით, რეზონანსის რედაქციის წერილი გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზეც, რომ ხელისუფლებამ სიტყვის თავისუფლებას ხელი არ უნდა შეუშალოს და დასავლური ფასეულობების წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს.
"რუსთავი2-ში შექმნილი არაორდინარული სიტუაციიდან გამომდინარე, რეზონანსი სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანიაში მომუშავე კოლეგებს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მიუხედავად მფლობელობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებით მიმდინარე დავისა, არ მოხდეს მათი პროფესიული საქმიანობისათვის რაიმე სახით ხელის შეშლა და გამოინახოს გზები რუსთავი2-ის მუშაობის ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად.
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანაში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მედიაგარემოს გაუარესებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობა.
"ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გააქარწყლოს ეჭვები დასავლური ღირებულებებისადმი მისი ერთგულების გულწრფელობასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს," - ნათქვამია რედაქციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.