"რუსთავი 2 შესაძლოა პარალიზებული აღმოჩნდეს. კომპანია ასეთ რეჟიმში მუშაობას დიდხანს ვერ შეძლებს,"- ეს განცხადება რუსთავი 2-ის იურისტმა თამათა მურადაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით ერთის მხრივ ყარამანიშვილები სასამართლოს გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად თვლიან და არ აღიარებენ, მეორეს მხრივ კი კანონით რუსთავი 2-ს ჰყავს დროებითი მმართველები და ნიკა გვარამიას და ფინანსურ ხელმძღვანელს უფლებამოსილება აქვთ შეჩერებული.
ამის გამო კომპანია პარალიზებულია. მურადაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ ჩვეულ რეჟიმში რადგან მათ არ სჭირდებათ ნიკა გვარამიას მითითებები საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად.
აქვე რუსთავი 2-ის იურისტი მოუწოდებს მოსამართლეს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ დროულად გამოიტანოს გადაწყვეტილება და არ გამოიყენოს კანონით მინიჭებული 20 დღე მოსაფიქრებლად.
"ყარამანიშვილების ეს განცხადება ნიშნავს, რომ მესაკუთრეები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ცნობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს გადაწვყეტილება არაკონსტიტუციურია. მათ მიაჩნიათ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური კომპანიის მმართველი ნიკა გვარამიაა, რომელიც მათ დანიშნეს. შესაბამისად ისინი საკუთარ აზრზე რჩებიან და კომპანიაში ნიკა გვარამიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა.
მეორეს მხრივ გვაქვს სასაამრთლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც იურიდიულად დანიშნული გვყავს დროებითი მმართველები. კომპანია შეიძლება პარალიზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ჩვენ თანამშრომლებმა უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.
ჟურნალისტს ნებართვის მიღება გვარამიასგან ნებართვის მიღება არ სჭირდებათ. ისევე როგორც სხვა თანამშრომლებმა რომლებსაც უფროსი ჰყავთ. რეკლამების გაყიდვის კუთხითაც შეიძლება ნაკლებად იყოს პრობლემა იმიტომ, რომ ჩვენთან სარეკლამო დრო იყიდება სხვა კომპანიის მეშვეობით. ეს დიდხანს ალბათ ვერ გაგრძელდება.
როცა ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას მოსამართლემ 20 დღე არ უნდა გამოიყენოს და მოსამართლემ დროულად უნდა განიხილოს საჩივარი,"- აცხადებს თამათა მურადაშვილი.