20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
პარლამენტი რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა. პარლამენტი მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილებას ითხოვს. მოთხოვნას საკანონმდებლო ორგანოს წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით ასაბუტებენ.

აცილების მიზეზად პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია ეჭვი იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მოსამართლეები შესაძლოა არ იყვნენ მიუკერძოებლები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაია კოპალეიშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის რუსთავი 2-ის ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან.

"საქართველოს პარლამენტი პატივს სცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს და წარმოდგენილი შუამდგომლობით ეჭვქვეშ არ აყენებს სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. შესაბამისად, შუამდგომლობაში გამოხატული პოზიციები აღქმული უნდა იქნეს მხოლოდ პარლამენტის, როგორც ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში მოპასუხე მხარის პოზიციები.

მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. განსახილველი საქმისადმი მოსამართლეთა მიკერძოებული დამოკიდებულება, უკვე ნათლად გამოვლინდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიღებისა და განხილვის ადრეულ სტადიებზე", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აქვე განმარტებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით, რაც რუსთავი 2–ის სარჩელში იყო მითითებული, რუსთავი 2-ის მიერ სარჩელის შეტანამდე მიმართეს სხვა მოსარჩელეებმა, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ ჩანიშნა განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში - 2 ნოემბერს დილით. ამავდროულად, პარლამენტს არ მიეცა შესაძლებლობა მიეღო რაიმე ინფორმაცია რუსთავი 2–ის სარჩელის დარეგისტრირებისა და მისი განხილვის დროის თაობაზე. სხვა მოსარჩელეებმა, 2 ნოემბრის დილითვე უარი განაცხადეს სარჩელის განხილვაზე, რამაც გამოიწვია ზეპირი მოსმენის სხდომის გაუქმება. მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმავე დილით, ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე, სასამართლო გამოაქვეყნებდა გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სადავო ნორმის დროებით შეჩერების შესახებ.

"ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სარჩელის მიღების, დარეგისტრირების და შემდგომი მსვლელობის პროცესი შეგნებულად და წინასწარგამიზნულად იყო გაუმჭვირვალე, რათა სასამართლოს სწორედ 2 ნოემბერს მიეღო რუსთავი 2-ის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, ოღონდ ისე, რომ არ განეხილა მისი საქმე და სასურველი გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო სხვა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებით, ვიდრე 2 ნოემბერს დილით არ წარმოიშვა ახალი გარემოებები - იმავე საკითხზე სხვა მოსარჩელეების მიერ შეტანილი სარჩელების უკან გათხოვა, დაგეგმილი სხდომის ვერჩატარება და რუსთავი 2-ისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების სხვა საქმეზე ვერ მიღება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ იმ კონსტიტუციურ სარჩელებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სულ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობა დაყენებული იყო 19 კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელთაგან დაკმაყოფილდა მხოლოდ სამი, ამათაგან ორზე გაიმართა ზეპირი მოსმენა და მხოლოდ ერთი, რუსთავი 2-ის სარჩელი, იქნა განხილული ზეპირი მოსმენის გარეშე", - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტის განცხადება სრულად იხილეთ შემდეგ ბმულზე. 

დღის ამბები