რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებას მოითხოვს. პარლამენტის შუამდგომლობაში ორი მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებაზეა საუბარი. განცხადებაში წერია, რომ აცილების საფუძველი ის გარემოებაა, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამიას და აღნიშნულ მოსამართლეებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა აკავშირებდათ.
დღეს არსებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განმარტა და თქვა, რომ პარლამენტის მიერ მოთხოვნილ აცილებას ისიც იზიარებს.
ნაციონალურ მოძრაობაში პარლამენტის მოთხოვნას არ ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ თუ ურთმელიძის ახლობელი დედა არ არის როგორ შეიძლება ამ მოსამართლეებს გვარამიას ახლობლები ვუწოდოთ.
„ეს არის კიდევ ერთი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ აჩვენონ რომ პარლამენტი არ არის უქმად და აკეთებს ყველაფერს, რომ გაწელონ პროცესი, მაგრამ მოსამართლემ ურთმელიძემ, რომელიც არც დედას სცნობს და არც სამართალს, ისეთი სტანდარტი დაადგინა, თუ ურთმელიძის ახლობელი დედა არ არის, როგორ შეიძლება ისაუბრო, რომ გვარამიას ახლობელია ადამიანი, რომელთანაც მას როდესღაც უმუშავია,“ - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.