რამდენიმე საათში თბილისში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჩამოდის. ხვალიდან დაიწყება ფედერიკა მოგერინის ოფიციალური შეხვედრები, სადაც ერთ–ერთი განსახილველი საკითხი რუსთავი 2–ის საქმეც იქნება. ვიზიტის დაწყებამდე კი განცხადებები ბრუსელში კეთდება.
ფედერიკა მოგერინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს ბრიუსელში თქვა, რომ რუსთავი 2-ის საქმე მათთვის ცნობილია. პრესკონფერენციაზე მაია კოსიანჩიჩიმ თქვა, რომ კითხვებზე პასუხების მიღებას ფედერიკა მოგერინი თბილისში შეეცდება.
„ჩვენთვის ცნობილია ეს საქმე. ევროკავშირის მისიამ საქართველოში არაერთხელ მოახდინა რეაგირება. ხვალ უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი საქართველოში იქნება და ყველა საკითხი, რომელიც გვაღელვებს და გვაინტერესებს ამ ვიზიტის დროს წამოიჭრება,“ - განაცხადა მაია კოსიანჩიჩიმ.
15 დეკემბერს ევროკომისია მოხსენებას გამოქვეყნებს და ამ მოხსენების პოზიტიურობაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში.
ევროპარლამენტარები ასევე საუბრობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მედია თავისუფლებისა და პლურალიზმის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ვხედავ, რომ ეს საკითხი პოლიტიზირებულია. რუსთავი 2 არ არის მხოლოდ ტელევიზია, ეს არის სიმბოლო, ზღვარი პლურალისტულ და კონტროლირებად საზოგადოებას შორის. დამოუკიდებელი მედიის არსებობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ დადგა დრო, როდესაც პრემიერს ან საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში ვიზიტისას მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება თუ რა ხდება რუსთავი 2-თან დაკავშირებით,“ - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე რუსთავი 2-ის თემაზე ქართველი დეპუტატებიც საუბრობდნენ.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე.