"მთავრობა საერთოდ არ ერევა რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესში"- ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
ღარიბაშვილის თქმით, აჟიოტაჟი დროებითია და მთავარია მედია პოლიტიკისგან იყოს თავისუფალი. პრემიერი მიმდინარე მოვლენებს 2 სუბიექტს შორის დავას უწოდებს.
„ეს კრიტიკა და სპეკულაცია რაც არის ატეხილი ეს არის დროებითი. ეს გაივლის, ეს ჩაწყნარდება სიტუაცია, თქვენ თუ ხმაურს შეწყვიტავთ ნახავთ, რომ არაფერიც არ ხდება. საერთაშორისოც უყურებს იმას, რაც ხდება საქართველოში და აქედან გამომდინარე ამაზე დაფუძნებით აკეთებენ კომენტარებს. რეალური სიტუაცია არის შემდეგი - მთავრობა საერთოდ არ ერევა სასამართლოს საქმეებში, ეს არის სამართლებრივი დავა, ეს არის დავა 2 კერძო სუბიექტს შორის. კერძოდ თქვენ ნახეთ, რომ თქვენი კომპანია იმართება სააკაშვილის მიერ, ყოველდღიური რეჟიმში ის უშუალოდ აძლევს ინსტრუქციებს ტელეკომპანიის დირექტორებს და მართავს მთელს ინფორმაციულ ბადეს, - თვითონ ალაგებს როგორ უნდა მოხდეს განაწილება. ეს თქვენი არჩევანია, თუმცა მე გეტყვით, რომ ჩვენი მთავრობა დაგიცავთ თქვენ ჟურნალისტებს და ყველას ვინც მედიათავისუფლებას იცავს. მთავარია, რომ პოლიტიკისგან იყოს თავისუფალი მედია. ჩვენ მთავრობას შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ არც ერთ მედიასაშუალებას არ ვაკონტროლებთ ჩვენ დღეს, რაც არის უპრეცედენტო ფაქტი. ამას სჭირდება დაფასება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.