რუსთავი 2-ის დროებითმა მმართველებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათ სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს.
"ზაალ უდუმაშვილს აქვს სრული უფლება აფუნქციონიროს ტელევიზია", - განაცხადა დავით დვალლმა.
დროებითი მმართველების განმარტებით, დამფუძნებლებთან კონსულტაციის შედეგად, სირთულეების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
დავით დვალის განცხადებით, ამ საკითხზე მან ზაალ უდუმაშვილთან შეხვედრისას ისაუბრა. თუმცა, პასუხი დირექტორის მოადგილისგან ჯერჯერობით არ მიუღია.
მისი თქმით, იძულებით არაფერი მოხდება და ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ მიიღეს, რომ ტელევიზიის ფუნქციონირებას პრობლემა არ შეექმნას.
დავით დვალმა დღესვე განმარტა, რატომ აპირებდნენ დროებითი მმართველობის განხორციელებას.
მისი თქმით, ჰქონდათ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ალტერნატიული გეგმები ისახება რუსთავი 2-ში, საუბარი იყო ალტერნატიული ტელევიზიის შექმნაზე და სამაუწყებლო კომპანიიდან წასვლამდე აპარატურის დაზიანებაზე.
დვალის განმარტებით, მთავარი მიზანია, რომ ორგანიზაციას არ შეექმნას პრობლემა. ამ მოტივით დათანხმდნენ სამაუწყებლო კომპანიაში დროებით მმართველებოს განხორციელებას.
"სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გადაწყვეტილება ჩემი აზრით, საკმაოდ ნაჩქარევად იქნა მიღებული, ფორმულირებები, რომლებიც შიგ გაჟღერდა საზოგადოებაში გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, მეც ვიზიარებ, რომ საკამათო პუნქტებია ამ დადგენილებაში გაჟღერებული, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, იმისთვის, რომ ვიდრე არ გაირკვევა, თუნდაც ის, რომ გაჩნდა ეჭვები თემაზე, თუ რამდენად ვარ მე მიუკერძოებელი პირი ამ სასამართლოს მიმართ, ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით, რომ შემდეგ ინსტანციაში გასაჩივრდეს, გამოიტანოს სასამართლო დასკვნა და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგებით ფუნქციონირებას, თუ დაადგენს სასამართლო, რომ ყველაფერი მართალია." - განმარტა დავით დვალმა.