ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი რუსთავი 2-ის დროებითი მმართველების განცხადებებით გაკვირვებულია და ამბობს, რომ მას არც დავით დვალთან და არც რეზო საყევარიშვილთან კონსულტაციები არ გაუმართავს. ნაცვლიშვილის თქმით საუბარი მხოლოდ მესამე სექტორის წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრის დაგეგმვაზე იყო.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით დღეს სამართლებრივი თვალსაზრისით რთული ვითარებაა და პროცესები ჩიხში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის პრობლემურმა განჩინებამ შეიყვანა. საია-ს თავმჯდომარეს გამოსავალზე საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ დღეს ვითარების განმუხტვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუძლია.
ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია ვითარება ისე დარეგულირდეს, რომ შენარჩუნდეს რუსთავი 2 როგორც კრიტიკული ტელევიზია და ამ პროცესებში ჟურნალისტების ინტერესები არ იყოს გათელილი, დავა კი გაგრძელდეს სასამართლოში.
„მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, რომ დავის მიმდინარეობის დროს თავი შეიკავონ ყოველგვარი განცხადებებისგან და ქმედებებისგან, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს ამ საქმეზე. ასევე აუცილებელია ყველა მხარემ იმოქმედოს კანონით დადგენილ ფარგლებში, რადგან ჩვენ რეალურად შეიძლება დავდგეთ ძალიან ცუდი ვითარების წინაშე რაც ქვეყნისთვის იქნება არასასურველი,"-განაცხადა ნაცვლიშვილმა.