"ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება არ ერევა ამაში და სასამართლო არის დამოუკიდებელი,"- ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქალაქო სასამრთლოს ახალ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის შესახებ.
ამავე თემაზე ისაუბრეს საპარლამენტო უმრავლესობაში.
"გადაწყვეტილება მომწონს თუ არა პატივი უნდა ვცე მას. იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება განმუხტავს სიტუაციას. ანუ მხარეები მოილაპარაკებს იმაზე, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა და ჟურნალისტების ინტერესები არ დაზარალდეს. არსებობდეს ადამიანი, რომელიც ფინანსურ დოკუმენტაციაზე მოაწერს ხელს, ასევე ექნება წარმომადგენლობის უფლება მესამე მხარეებთან ურთიერთობის შესახებ,"- განაცხადა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ.
დეპუტატი ანი მიროტაძე კი ამბობს, რომ პროცესები ჩვეულ რიტმში დაბრუნდება.
"ძალიან მაღალი ისტერიული ფონიდან გადავალთ უფრო საქმიან ვითარებაში რაც ნიშნავს, იმას, რომ ყველას მიეცემა საშუალება შეასრულოს თავისი ფუნქციები. არ ვიცი რითი იხელმძღვანელა მოსამართლე ურთმელიძემ. ალბათ იხელმძღვანელა კანონით და სწორედ იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყო მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება,"- განაცხადა ანი მიროტაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ კი აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს კანონზე და სასამართლოზე დაყრდნობით.
"ეს შიდა პროცედურული საკითხები, რომელიც შეიძლება იყოს სასამართლოს სხვადასხვა ეტაპზე გადაწყვეტილი და განხილული ამაში ჩვენ არ ჩავერევით. ამიტომ მე ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის პირველი ისტანციის ეტაპი უნდა ვადროვოთ სასამართლოს, რომ ყველა ისტანციამ მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და კანონზე და სამართლიანობაზე დაყრდნობით,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.