რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი იმ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში, დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ თბილისი და ვაშინგტონი ავრცელებენ.
ვაშინგტონი მიესალმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რაც შესაძლებელს ხდის რუსთავი 2-თან დაკავშირებით სააპელაციო პროცედურების გაგრძელებას და საქართველოში მედია პლურალიზმის შენარჩუნებას.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მიღწევებსა და რეფორმებზეც ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო სისტემა, მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამსახური და სასჯელაღსრულებითი სისტემა.
მხარეებმა ისაუბრეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს, ასევე პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ღია, პლურალისტული და დამოუკიდებელი სივრცის მნიშვნელობაზე. ეს მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.